სტარტაპები და ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები

ავტორი / 7 წლის წინ / 10 კომენტარი

ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები და მეწარმეობა – საქართველოში სტარტაპების ბუმია. თითქმის ყოველდღიურად გვესმის, რომ შეიქმნა ახალი კომპანია ან სერვისი, რომელიც უნიკალურობით გამოირჩევა და ანალოგი არ აქვს. რას ნიშნავს სტარტაპი, რა შესაძლებლობები აქვთ დამწყებ მეწარმეებს და როგორია დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა?

სტარტაპი ეს არის ახლადშექმნილი კომპანია, რომელიც ოპერირების პირველ ეტაპზეა. ხშირად მას ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესს უწოდებენ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია ზრდა. სტარტაპი მხოლოდ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას არ მოიცავს. ეს არის მზარდი კომპანია, რომელსაც ყოველდღიურობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს. თუ სტარტაპმა გაამართლა და შედგა როგორც ბიზნესი, ის შემოსავლის მიღების წყარო გახდება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში ფული ჩადო.

დღესდღეობით, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული პროგრამაა „სტარტაპ საქართველო“, რომლის მიზანია დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ საჭირო ფინანსური რესურსი და ამის გამო არ შეუძლიათ ბიზნესის დაწყება, თავიანთი ბიზნეს იდეების განხორციელებაში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება.

სტარტაპები და ბიზნეს სესხი

დაფინანსების და კაპიტალის გარეშე სტარტაპები ვერ შეძლებენ კომპანიის დაფუძნებასა და განვითარებას. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარდაჭერას. დამწყები მეწარმეების ან ბიზნესისთვის რთულია ფულადი რესურსის მოძიება, რადგან ხშირად მათ არ ენდობიან, მკაცრად აფასებენ თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ერთ დროს სტარტაპის დაფინანსებისგან ყველა თავს იკავებდა, თუმცა დღეისათვის გაცილებით მარტივად შეიძლება საჭირო თანხის მოძიება.

ბოლო პერიოდში საფინანსო სექტორი აქტიურად ჩაერთო სტარტაპების დაფინანსებაში. რიგ ბანკებში შესაძლებელი გახდა სესხის აღება, რაც ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად მოიცავს გარკვეულ შეღავათებს საბანკო პროდუქტებზე და ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას. ბიზნეს სესხი ახალი შესაძლებლობა გახდა სტარტაპებისთვის მოიპოვონ დაფინანსება და იდეა რეალობად აქციონ. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. სესხის გაცემისას საკრედიტო ოფიცერი აუცილებლად ითვალისწინებს გადახდების ისტორიას, რეიტინგს, ბიზნესის მართვის გამოცდილებასა და ბიზნეს გეგმას. სესხის დამტკიცებისთვის საჭიროა, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული საჭირო თანხის ოდენობა და მისი დაფარვის შესაძლებლობა.

ბიზნეს სესხი შემდეგი მიზნობრიობით შეიძლება გაიცეს: უძრავი ქონების შეძენა, მიმდინარე ხარჯების დაფარვა, ვალდებულებების გასტუმრება, სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და სხვა. სესხის აღებისას მომხმარებელი სარგებლობს გადახდის მოქნილი გრაფიკით.

  • სტანდარტული დაფარვის გრაფიკი - კრედიტი იფარება ყოველთვიური თანაბარი შენატანებით. 
  • შეღავათიანი პერიოდი - კრედიტის აღებიდან მომდევნო თვეების განმავლობაში არ მოითხოვება თანხის გადახდა ან მხოლოდ დარიცხული პროცენტის გადახდაა საჭირო. საშეღავათო პერიოდის შემდეგ კრედიტის დაფარვა ყოველთვიური შენატანებით ხდება.
  • სეზონური დაფარვის გრაფიკი – კრედიტი იფარება ინდივიდუალურად, ბიზნესზე მორგებული არათანაბარი შენატანებით.

მეწარმეობის განვითარება და ახალი ბიზნესის შექმნა მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის. გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო სტარტაპების განვითარების შესაძლებლობას ზრდის. დღესდღეობით, ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია ბიზნეს იდეა რეალობად აქციოს, მოიპოვოს დაფინანსება და დააფუძნოს საკუთარი სტარტაპი.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა