სესხის ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა - რას გვავალდებულებს იურიდიული დოკუმენტი

ავტორი / 6 წლის წინ / 6 კომენტარი

სესხის ხელშეკრულება მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მარტივად რომ ვთქვათ, მას შეუძლია თქვენი მდგომარეობა ისე შეცვალოს, რომ თავადაც ვერ მიხვდეთ. ხელშეკრულებაში გაწერილია ყველა ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ორივე მხარეს ეკისრება.როგორ უნდა დავდოთ ფინანსური ხელშეკულება ისე, რომ ჩვენი უფლებები არ დაირღვეს? ესაა კითხვა, რომელიც ყველა მომხმარებელს აწუხებს.

სესხის აღებამდე ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი არ ეცნობა საკუთარ ვალდებულებებს და დოკუმენტს ხელს ისე აწერს არ კითხულობს ან თუ კითხულობს არ იაზრებს პუნქტებად ჩამოწერილ ვალდებულებებს. მსგავსმა გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა მომავალში უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. მაგალითად, თუკი თქვენ იპოთეკურ სესხის აღება გსურთ უნდა გახსოვდეთ, რომ კრედიტის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით ხდება. ხშირია ფაქტები, როდესაც სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახლიდან გამოსახლება ან ქონების ჩამორთმევა ხდება. ამიტომ, უმჯობესიას ხელის მოწერამდე ჩვენი ძვირფასი დროიდან ოცი წუთი მაინც გამოვყოთ და ხელშეკრულება ბოლომდე წავიკითხოთ.

ზოგადად საფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი ვალდებულია მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროცედურები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის 1 ივნისის წესის მიხედვით. ეს წესი ვრცელდება ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის კრედიტის, მათ შორის განვადების, ოვერდრაფტის და საკრედიტო ბარათების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე. ასევე ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებაზე.

მეორე კომპონენტი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ისაა, რომ არსებულ ხელშეკრულებებს ჰქონდეთ ე.წ თავსართი-ხელშეკრულების პირველი გვერდი, სადაც მოკლედ და გასაგე ენაზე უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი პირობების შესახებ, რომელიც დოკუმენტშია გაწერილი.

ხელშეკრულების თავსართში შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული:

  • ნომინალური საპროცენტო განაკვეთი;
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
  • სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია;
  • ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ;
  • პრეტენზიების დაფიქსირების საშუალებები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერი 0322 24 06 406.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ რაიმე სახის პრეტენზია ან პრობლემა გაგიჩნდათ, უნდა მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს და დარეკოთ ცხელ ხაზზე, ისინი ვალდებულები არიან თქვენი შენიშვნა დააფიქსირონ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

კიდევ ერთი პუნქტი რაც ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ძირითადად დოკუმენტში მოყვანილია ისეთი იურიდიული ტერმინები რომელიც ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება რთულად გასაგებია. ამიტომ, უმჯობესია თუკი რაიმე საკითხს ვერ გაიგებთ შესაბამის პირს მიმართოთ. ყველა ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავისი იურისტი ჰყავს და შეგიძლიათ კონსულტაცია მასთან გაიაროთ, ან სხვა პირი მოძებნოთ, რომელიც თქვენთან ერთად თითოეულ პუნქტს დაწვრილებით განიხილავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხელშეკრულების შრიფტის ზომაა. ზოგადად საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულები არიან შრიფტის ზომა დაარეგულირონ, ანუ თავსართი უნდა იყოს 12 ზომა შრიფტით დაწერილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი 9. ესაა სტანდარტი, რომელიც ყველა ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს.

და ბოლოს, თუკი თქვენ რომელიმე საფინანსო ორგანიზაცია თავის სერვისებს კაბალურ პირობებში გთავაზობთ, უმჯობესია სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ბანკს მიმართოთ და თქვენთვის სასურველი პირობები შეარჩიოთ. იყავით ინფორმირებულები ყველა დეტალთან დაკავშირებით. ინფორმირებულობა და წინდახედულება თქვენი უსაფრთხოების გარანტია.   

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა