როგორ უნდა აიღოთ სესხი გონივრულად

ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი

საფინანსო კომპანიების რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება, რაც საკრედიტო პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნითაა განპირობებული. საზოგადოების ნაწილი ხშირად აწყდება პრობლემას საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას, რადგან ისინი ზუსტად არ ეცნობიან პროდუქტის პირობას და ისე სარგებლობენ მომსახურებით. სასესხო პირობების ბუნდოვანი ცოდნის შედეგი გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები და უარყოფითი საკრედიტო ისტორიაა.

საკრედიტო კომპანიებს მიმზიდველი შეთავაზებები აქვთ კლიენტებისთვის. დაბალი საპროცენტო განაკვეთი, თანხის მიღება სწრაფად, ხანმოკლე, მარტივი პროცედურის გავლით. მომხმარებლები ხშირად არ აკვირდებიან ხელშეკრულების პირობებს და ჩქარობენ კრედიტის აღებას. შესაბამისად, აკეთებენ არასწორ არჩევანს. როგორ უნდა აიღოთ სესხი გონივრულად და რა უნდა იცოდეთ, სანამ თანხას ისესხებთ?

  • გამოითვალეთ თქვენი ყოველთვიური დანაზოგი – დანაზოგი სხვაობაა შემოსავალსა და ხარჯს შორის. დაანგარიშებისას მხოლოდ ის შემოსავალი გაითვალისწინეთ, რომელის მიღებაშიც დარწმუნებული ხართ. არ დაგავიწყდეთ ყოველთვიური, ერთჯერადი ან პირადი ხარჯების გამოკლება.
  • ხარჯები რეალურად დაიანგარიშეთ – ნუ გაზრდით შემოსავლის მოცულობას. უმჯობესია, თუკი ხარჯებს მეტობისკენ დაამრგვალებთ. შემოსავლებს კი ნაკლებობისკენ.
  • სესხი იმავე ვალუტაში აიღეთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ – შესაძლოა კრედიტს უცხოურ ვალუტაში უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი ქონდეს, მაგრამ კურსის ცვალებადობა რისკის მატარებელია. თუ თქვენ შემოსავალი სხვა ვალუტაში გაქვთ, შესაძლებელია იმაზე მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ფიქრობთ.
  • გამოთვალეთ სესხზე შესატანი თანხა პროცენტულად – სესხის ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს თქვენი დანაზოგის 70%-ს. მაგ: თუ თქვენი შემოსავალი 1000 ლარია, ხოლო ხარჯი 800, დანაზოგი გამოდის 200. ყოველთვიური შენატანი კი 140 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კომპანიები პასუხისმგებლობით უდგებიან დაკრედიტებას, აფასებენ კლიენტის გადახდისუნარიანობას და სესხს ამის შემდეგ გასცემენ. თუ მომხმარებელი იმაზე მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე გადახდა შეუძლია, კრედიტორი ნაკლებს დაუმტკიცებს. ნებისმიერი საფინანსო კომპანია ითვალისწინებს კლიენტის შემოსავლის ოდენობას, გადახდის შესაძლებლობას და თანხას იმ მომხმარებელზე გასცემს, ვისაც დაფარვის რესურსი გააჩნია. ასევე, ყურადღება ექცევა საკრედიტო ისტორიას. კომპანიები ნაკლებად ამტკიცებენ კრედიტს იმ შემთხვევაში თუ კლიენტს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს, რადგან იმის რისკი, რომ მომხმარებელმა ვერ შეძლოს სესხის გადახდა მაღალია.

სესხის პირობების ცოდნა – სწორი არჩევანი

სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიური მცირე შენატანი არ ნიშნავს იაფ სესხს. გადასახადი თანხის გამოთვლისას, საპროცენტო განაკვეთთან ერთად გაითვალისწინეთ ყველა დამატებითი ხარჯი, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. ალბათ, ხშირად მიგიღიათ 0%-იანი სესხის შეთავაზება. ასეთი პროდუქტი იშვიათობაა, რადგან როგორც წესი, სერვისები მოიცავს სხვა გადასახადებს, როგორიცაა მომსახურების, სესხის გაცემის ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო. შესაბამისად, კრედიტს მაინც თან ახლავს დამატებითი ხარჯი.

გაეცანით ხელშეკრულებას, სანამ სესხის მიღებაზე დათანხმდებით კონკრეტულ კომპანიას. თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ხელშეკრულება, გაიგეთ გადახდის ვადა, ჯარიმისა და დამატებითი ხარჯის ოდენობა. თხოვეთ საკრედიტო ექსპერტს ზუსტად აგიხსნათ ყველა პირობა.

რამდენიმე სესხის ერთდროულად აღება პრობლემას შეგიქმნით გადახდასთან დაკავშირებით. ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რამდენის გადახდასაც შეძლებთ. თანხის აღებისას კი დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხარჯის შესახებ გაქვთ ინფორმაცია. იზრუნეთ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაზე. „კრედიტინფოში“ ინახება ინფორმაცია თქვენი გადახდების შესახებ. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი პრობლემას შეგიქმნით კომპანიებთან მომავალ თანამშრომლობაში. ნუ აიღებთ სესხს სხვის ნაცვლად, ამან შესაძლოა დაგაზარალოთ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, ისესხეთ თანხა გონივრულად და დაზოგეთ ფინანსები.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა