როგორ დავიწყოთ ფულის დაზოგვა 2018 წლისთვის
ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარიახალი წლის შემდგომი პერიოდი საუკეთესო დროა ფინანსური გეგმების შესადგენად. ფულის დაზოგვა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევასა და სტაბილურობის მოპოვებაში. თუკი ახლავე დაიწყებთ დანაზოგის გაკეთებას, მარტივად შეძლებთ მოგზაურობას, სასურველი მარკის ავტომობილის შეძენას ან სხვა ნებისმიერი სურვილის ასრულებას. გთავაზობთ ფინანსურ რჩევებს, რომელიც გაგიმარტივებთ ფულის დაგროვებას:
- ჩამოაყალიბეთ ფინანსური გეგმა – დაწერილი ფინანსური გეგმა საშუალებას მოგცემთ ზუსტად განსაზღვროთ თუ რა თანხის დაზოგვა გჭირდებათ. დაგეგმეთ წინასწარ თუ რამდენი უნდა გადადოთ, რა პერიოდულობით. ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი მიზანი და დაიწყეთ დაზოგვა;
- განსაზღვრეთ ბიუჯეტი – გამოთვალეთ რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას და შეეცადეთ შეამციროთ ნაკლებად საჭირო დანახარჯები. არ დაგავიწყდეთ ფულის გადადება დაბადების დღეების ან შვებულებისთვის;
- ნუ იქნებით ემოციური მყიდველი – შეიძინეთ მხოლოდ ის, რისი ყიდვის საშუალებაც გაქვთ. დაიწყეთ ხარჯების კონტროლი და შეეცადეთ შეზღუდოთ სასურველი ნივთების ყიდვა. თუ მეტს გამოიმუშავეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი უნდა დახარჯოთ;
- ნუ იტყვით უარს ხარისხზე – მომხმარებლები ცდილობენ საჭირო ნივთი უფრო იაფად შეიძინონ, გადაიხადონ ნაკლები და დაზოგონ ბევრი. თუმცა გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა იაფიანი პროდუქცია უფრო ძვირი დაგიჯდეთ;
- გახსენით შემნახველი ანგარიში – ფულის დაზოგვისას უმჯობესია გახსნათ ანგარიში და თანხა მასზე განათავსოთ. თუკი შემნახველი ტიპის ვადიან ანაბარს გახსნით, შეძლებთ სარგებელის მიღებასაც. როგორც წესი, ვადიანი ანაბარი მინიმუმ 3 თვის ვადით იხსნება. დააზუსტეთ პერიოდი და საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. ამასთან, გაითვალისწინეთ რომ ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში ნაკლებ თანხას მიიღებთ.
როგორ უნდა მიიღოთ მეტი სარგებელი
მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია უარს ამბობს დაზოგვაზე, რადგან არ იცის როგორ შეინახოს ფული უსაფრთხოდ ან როგორ აირიდოს თავიდან გაუფასურების საფრთხე. იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგეთ, უმჯობესია თანხა ანგარიშზე განათავსოთ. ამასთან, ზუსტად შეარჩიოთ ვალუტა. თუკი თქვენი ფინანსური მიზანი მოგზაურობაა, თანხა იმ ვალუტაში დაზოგეთ რა ვალუტაშიც მას საზღვარგარეთ დახარჯავთ.უცხოურ ვალუტებთან შედარებით ლარში გახსნილ ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი მეტია. თუმცა გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ კურსთაშორის სხვაობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს მიღებული შემოსავლის ოდენობა.
თუ თანხის დაგროვება გაცილებით მნიშვნელოვანი მიზნისთვის გინდათ, შეგიძლიათ იფიქროთ ინვესტირებაზე, ქონების შეძენაზე. თუმცა თუ ფულის დაბანდებას ბიზნესში გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ის გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. უძრავ ქონებაში ინვესტირება გაცილებით სტაბილურია. ამასთან, მისი უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი სარგებელი.
კომენტარი