4 რჩევა ფინანსური პრობლემების თავიდან ასარიდებლად
ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარიყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი საჭირო ნივთის შეძენა გვიწევს, რომელიც არც ისე მცირე თანხას მოითხოვს. დაბალი შემოსავლის პირობებში კი ხშირად შეუძლებელია აუცილებელ ხარჯებთან გამკლავება, რაც ჩვენგან დამატებით თანხას მოითხოვს. როგორ უნდა მოვიქცეთ ფინანსური პრობლემის დროს - შევამციროთ ხარჯები თუ ავიღოთ სესხი? კრედიტის აღებას ხშირად ჭარბვალიანობამდე მივყავართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხის დაბრუნების შესაძლებლობა არ გვაქვს და მაინც ვსარგებლობთ საკრედიტო პროდუქტებით. გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც თავიდან აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებს:
- შეადგინეთ ყოველთვიური ბიუჯეტი – იმისათვის რომ თანხა დაზოგოთ, აუცილებელია იცოდეთ თუ რაში ხარჯავთ ფულს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შეადგინოთ ბიუჯეტი, სადაც გაწერილი გექნებათ ხარჯების სია. ბიუჯეტის შედგენის შემდეგ გექნებათ სრული ინფორმაცია თქვენი შემოსავლისა და დანახარჯის შესახებ. ამის მიხედვით თქვენ უნდა გადაწყვიტოთ შეამციროთ ხარჯები თუ იზრუნოთ შემოსავლის გაზრდაზე. დაფიქრდით რაში ხარჯავთ ყველაზე ბევრ ფულს და შეგიძლიათ თუ არა მასზე უარის თქმა. თქვენი საჭიროებები დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. უარი თქვით არასაჭირო ნივთების შეძენაზე, ნუ წამოეგებით ფასდაკლებებზე. შეიძინეთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
- ნუ მიმართავთ საკრედიტო პროდუქტებს ნებისმიერი ფინანსური პრობლემის დროს – საკრედიტო ბარათის ან სესხის აღება არ ნიშნავს ფინანსური პრობლემის მოგვარებას. საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას გაცილებით დიდია იმის შანსი, რომ შეიძინოთ არასაჭირო ნივთი. თუ ნაღდი ფულით გადახდისას შეუძლებელია გადააჭარბოთ თქვენს ბიუჯეტს, საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას შეგიძლიათ ბანკის ფულის გამოყენება. სესხის აღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური რესურსი, რადგან თანხის დაგვინებით გადახდისას იზრდება ჯარიმების ოდენობა.
- მოითხოვეთ სესხის გადახდის გრაფიკის შეცვლა – თუ უკვე სარგებლობთ სესხით და ვეღარ ახერხებთ თანხის გადახდას, ნუ დაემალებით საკრედიტო კომპანიას. დაუკავშირდით მას, გააცანით თქვენი ფინანასური მდგომარეობა და მოითხოვეთ სესხის გადახდის გრაფიკის შეცვლა. რამდენიმე სესხის ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ რესტრუქტურიზაცია – გააერთიანოთ არსებული კრედიტები და მხოლოდ ერთი სესხის თანხა გადაიხადოთ. ასეთ დროს ხდება სესხის მეტ დროში გადანაწილება და ყოველთვიურად იხდით უფრო ნაკლებ თანხას.
- იზრუნეთ დამატებით შემოსავალზე – თუ ფიქრობთ, რომ ისედაც მცირე თანხას ხარჯავთ და ამაზე მეტად შეუძლებელია დანახარჯების შემცირება, იზრუნეთ დამატებითი შემოსავლის მიღებაზე. დაბალი ხელფასის შემთხვევაში დაიწყეთ ახალი საქმიანობის მოძებნა, რომელიც ბევრად შემოსავლიანი იქნება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ დაიწყოთ „ფრილანსერად“ მუშაობა. დაფიქრიდით რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა და რა შეიძლება იქცეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ.
ფინანსების სწორად მართვა თავიდან აგარიდებთ პრობლემებს. შეძლებთ საჭიროებების დალაგებას პრიორიტეტების მიხედვით და შემოსავლის გონივრულად განაწილებას. თავიდან აირიდებთ ზედმეტ ვალებს და მარტივად გაართმევთ თავს ახალ გამოწვევებს.
კომენტარი