რას გულისხმობს დეპოზიტების დაზღვევა და როგორია მსოფლიო გამოცდილება

ავტორი / 6 წლის წინ / 4 კომენტარი

დღეისათვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც იმას გულისხმობს რომ მეანაბრე ყველა შემთხვევაში ღებულობს გარანტირებულ თანხას, მიუხედავად ბანკის ფინანსური პრობლემისა. დეპოზიტების დაზღვევა პირველად აშშ-ში დაინერგა. დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა დაზღვევის სისტემა, რომელიც დაიცავდა მეანაბრეებს და მოახდენდა საბანკო კრიზისების პრევენციას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა განსხვავდება მისი პირობების მიხედვით. ზოგიერთი სისტემა აზღვევს ნებისმიერი ტიპის დეპოზიტს, ზოგი კი მხოლოდ ფიზიკური პირების ანაბრებს.

1980-იანი წლებიდან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა, რაც 1994 წლიდან უკვე სტანდარტი გახდა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. დეპოზიტების დაზღვევის დანერგვა ძირითადად მოსდევს საბანკო კრიზისებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაში, რომელიც მოიცავდა 60 ქვეყანას, ჩანს რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 60-დან 40 ქვეყანაში ამოქმედდა 1980-1990-იან წლებში, როდესაც ადგილი ჰქონდა საბანკო კრიზისებს.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევა იანვრიდან ამოქმედდა. ყველა პირს, ვისაც თანხა განთავსებული აქვს კომერციულ ბანკში აზღვევს სპეციალური სახელმწიფო ფონდი. თუკი ბანკი გაკოტრდა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5 000 ლარით აანაზღაურებს. დაზღვევის ახალი სისტემა ბანკებს გარკვეული საკომისიოს გადახდას აკისრებს, კერძოდ ისინი სახელმწიფო ფონდს უხდიან ლარის დეპოზიტების 0.067%, დოლარის – 0.1%. ამასთან, კომერციული ბანკები ვალდებული არიან, ფონდში ერთჯერადად შეიტანონ პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, კომერციული ბანკი ვალდებული იქნება სრული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და დეპოზიტების შესახებ. სააგენტო კი ვალდებული იქნება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 დღის განმავლობაში უზრუნველყოს საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

თუ სადაზღვევო ფონდში არ შეგროვდა დეპოზიტების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა, სააგენტოს შეუძლია მოიძიოს სხვა სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო გრანტი. ამასთან, ისესხოს ფული მთავრობისგან ან ეროვნული ბანკისგან, განათავსოს ფასიანი ქაღალდები და სხვა. ამასთან, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ არის ფონდში ანაბრების ასანაზღაურებელი საკმარისი თანხა, სააგენტოს შეუძლია კომერციულ ბანკს დამატებით დაუწესოს სპეციალური შენატანი, მაგრამ არაუმეტეს ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1 % კალენდრული წლის განმავლობაში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა