რამდენს შეადგენს საარსებო მინიმუმი
ავტორი / 7 წლის წინ / 16 კომენტარისაარსებო მინიმუმი ფულადი სახსრების მინიმალური დონეა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად და მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მაჩვენებელი ცხოვრების ქვედა ზღვარს აჩვენებს. საარსებო მინიმუმის დათვლა ხორციელდება სასურსათო კალათაში შემავალი ფასების მიხედვით. მინიმალური სასურსათო კალათა შეიცავს ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენებლი ელემენტების (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების) და კალორიულობის ოდენობას. სამომხმარებლო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს. საარსებო მინიმუმი სწორედ ამ პროდუქტების ფასის მიხედვით ითვლება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, აპრილის თვეში საარსებო მინიმუმმა 170.8 ლარი შეადგინა. ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 286.5 ლარით განისაზღვრა.
საარსებო მინიმუმი ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:
- ერთსულიანი ოჯახისთვის – 151.3
- ორსულიანი ოჯახისთვის – 242.1
- სამსულიანი ოჯახისთვის – 272.3
- ოთხსულიანი ოჯახისთვის – 302.6
- ხუთსულიანი ოჯახისთვის – 340.4
- ექვსსულიანი და მეტი – 402.4
საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა თვეების მიხედვით განსხვავდება, რადგან ფასები პროდუქციასა და მომსახურებაზე ცვალებადია. წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაიზარდა. თუ მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 169.7 ლარს შეადგენდა, აპრილში 170.8 ლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 8.5 ლარით არის გაზრდილი.
სამომხმარებლო კალათა და ფასების გაანგარიშება
სამომხმარებლო კალათა არის საფუძველი სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისთვის. იგი წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. ამჟამად სამომხმარებლო კალათა შედგება 305 სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებისგან.
საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად ფასდება კალათაში შემავალი ინგრედიენტები ქვეყანაში არსებული საშუალო ფასების მიხედვით, მიღებული სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0,7-ზე. მიღებული საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ს შეადგენს. არასასურსათო ხარჯების წილი კი განისაზღვრება 30%-ით. საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
კომენტარი