რამდენად მომგებიანია სესხის წინსწრებით დაფარვა

ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი

გრძელვადიანი სესხების დასაფარად რამდენიმე წელია განკუთვნილი. მსესხებლები ხშირად წინასწარ იხდიან კრედიტის თანხას და არღვევენ გადახდის გრაფიკს. მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ სესხის წინსწრებით დაფარვისას ნაკლებ თანხას იხდის და ამასთან, ეს დადებითად მოქმედებს საკრედიტო ისტორიაზე. რამდენად მომგებიანია კრედიტის წინასწარ დაფარვა და ახლავს თუ არა მას დამატებითი ხარჯი? 

სესხის წინსწრებით დაფარვისას მომხმარებელი ბანკს ვადაზე ადრე უბრუნებს კრედიტის თანხას ანუ არღვევს გადახდის გრაფიკს. შესაბამისად, მსესხებელს ერიცხება დამატებითი საკომისიო, რომელიც ძირითად შემთხვევაში 2%-ს შეადგენს. კრედიტის წინასწარ დაფარვის 2 შემთხვევა შეგვიძლია გამოვყოთ: 

  • კრედიტის წინასწარ, ვადაზე ადრე, სრულად დაფარვა - ამ შემთხვევაში მომხმარებელი სრულად ფარავს კრედიტის თანხას და ხურავს სესხს. ასეთ დროს, ის იხდის წინსწრების საკომისიოს. 
  • ყოველთვიურად გადასახად თანხაზე მეტის გადახდა - ამ დროს მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი შეაქვს სესხის მომსახურე ანგარიშზე, თუმცა არ ფარავს ძირ თანხას. შესაბამისად, ვადის ბოლოს იხდის ნაკლებს, არ უწევს წინსწრების საკომისიოს გადახდა. 

თუ მომხარებელს სურს კრედიტის დაფარვა წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ, გარდა ანგარიშზე თანხის შეტანისა, მან უნდა განაცხადოს სესხის დაფარვის სურვილის შესახებ. ბანკი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ვალდებული მოახდინოს ძირითადი თანხის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა. 

რა უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯების თავიდან ასარიდებლად?

საბანკო პროდუქტებს თან ახლავს ფინანსური ხარჯი. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მომსახურების პირობების დეტალურად გაცნობა. ხელშეკრულების თავსართი მოიცავს ინფორმაციას პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების შესახებ. მასში მოცემულია ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯი, პირგასატეხლოს ოდენობა და სხვა დამატებითი საკომისიოების მოცულობა. შესაბამისად, მის გაცნობას და გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური ხარჯების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად.

სანამ რომელიმე პროდუქტით ისარგებლებთ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პირობებს: 

  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით.
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ოდენობა - როგორც ვნახეთ, კრედიტების ნაწილს აქვს წინსწრებით დაფარვის საკომისიო. გაარკვიეთ ითვალისწინებს თუ არა მომსახურება აღნიშნულს ხარჯს. 
  • სხვა დამატებითი საკომისიო - სესხის აღებას შეიძლება ჰქონდეს ისეთი დამატებითი ხარჯი, როგორიცაა დოკუმენტების საფასური. მაგ; თუ გრძელვადიან სესხს იღებთ, თქვენ მოგიწევთ საბანკო ამონაწერის, საკუთრების მოწმობის დოკუმენტების მიტანა საკრედიტო კომპანიაში. გაითვალისწინეთ ცნობების ღირებულებაც. 

სანამ კრედიტს წინსწრებით დაფარავთ, დააზუსტეთ თქვენს მომსახურე ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ხომ არ ითვალისწინებს მომსახურება წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. თუ სესხის წინასწარ დაფარვა დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული, თქვენ შეგიძლიათ მეტობით შეიტანოთ თანხა ანგარიშზე და ვადის ბოლოს, გრაფიკის მიხედვით დაფაროთ სესხი. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ მეტი თანხის გადახდა. ანგარიშზე კი გექნებათ ვალდებულების დასაფარად საჭირო ფინანსური რესურსი.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა