რა უნდა იცოდეთ, სანამ ვინმეს დაუდგებით თავდებად

ავტორი / 7 წლის წინ / 2 კომენტარი

დღესდღეობით, თავდებობა აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ადამიანებს ერთი გაუცნობიერებელი ხელმოწერის გამო ნათესავების ან მეგობრების სესხის დაფარვა საკუთარი ხელფასითა და ქონებით უწევთ. რას ნიშნავს თავდებობა, რა ფინანსური პასუხისმგებლობა ახლავს თან და რა უნდა იცოდეთ, სანამ ვინმეს გარანტორი გახდებით?

თავდებობა სხვის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. გარანტორი იღებს პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე იმ შემთხვევაში თუ მსესხებელმა ვერ შეძლო კრედიტის გადახდა, მან დაფაროს სესხი. მხარეების პასუხისმგებლობა განისაზღვრება დოკუმენტში მითითებული პირობების მიხედვით, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი წინასწარ განსაზღვროთ, რათა თავიდან აირიდოთ პრობლემები. თავდები პირის ვალდებულება ჩნდება მაშინვე, როდესაც ის ხელს აწერს ხელშეკრულებას კრედიტორის წინაშე.

თავდებს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების პროცესის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია. ხოლო კრედიტორის პირდაპირი მოვალეობაა შეატყობინოს მას ნებისმიერი ცვლილება, აცნობოს თუ მოვალე გადახდის ვადას გადააცილებს. თავდებად დადგომა მაშინ ხდება საჭირო, როდესაც მსესხებელს არ ყოფნის შემოსავალი, რომ სესხი აიღოს ან კრედიტორი ხედავს რისკს მისი შემოსავლების სტაბილურობასთან დაკავშირებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ვინმეს დაუდგებით თავდებად

ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას, თავის მოვალეობებს და ისე ხდებიან თავდები პირები. ზოგიერთმა მათგანმა კი არც იცის, რომ ეს ფინანსური პასუხისმგებლობაა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ:

  • თავდებად დადგომა ნიშნავს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობისა და რისკების აღებას. დაფიქრდით რამდენად მზად ხართ ამისთვის; 
  • განსაზღვრეთ კრედიტის პირობები; რა ოდენობის სესხს იღებს ახლობელი, რა ფინანსური ხარჯი ექნება, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს კრედიტის დაფარვა; 
  • გადახედეთ თქვენს შემოსავალებს, რათა იცოდეთ თუკი მსესხებელი ვერ შეძლებს სესხის დაფარვას, რამდენად მოახერხებთ ამ ფინანსური ვალდებულების გასტუმრებას; 
  • დაფიქრდით რამდენად გადახდისუნარიანია ის ადამიანი, ვისაც უდგებით თავდებად. რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ სესხის გადახდა თქვენ მოგიწიოთ.

თუ მსესხებელი ვერ იხდის სესხის თანხას, ბანკი ან მიკროსაფინანო ორგანიზაცია მასთან გზავნის შეტყობინებას. თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის გადასახადს, თავდები ავტომატურად გახდება პასუხისმგებელი დაფაროს ფინანსური ვალდებულება. სხვა შემთხვევაში მას დაებლოკება სახელფასო თუ სხვა ტიპის ბარათები და გაუფუჭდება საკრედიტო ისტორია, რაც უარყოფითად აისახება მომავალში კრედიტის აღებაზე.

თავდებს შეუძლია უარი თქვას სესხის გადახდაზე, ვიდრე კრედიტორი არ მიმართავს ამოღების ღონისძიებას. ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება. თუმცა თუ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად, მაშინ კრედიტორს შეუძლია, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს მას მოვალის კრედიტის გადახდა.

თავდებობა შეიძლება შემოფარგლული იყოს გარკვეული თანხით და თავდები სრულად არ იყოს პასუხისმგებელი სესხის სრულად დაფარვაზე. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების დადებისას უნდა გაფორმდეს.

დაფიქრდით, სანამ ვინმეს დაუდგებით თავდებად. გახსოვდეთ, რომ ამით რისკის წინაშე აყენებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს, რათა ზუსტად იცოდეთ რა უფლება-მოვალეობები გაქვთ.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა