რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის ‘’შავი სიის’’ გაუქმების შემდეგ

ავტორი / 6 წლის წინ / 18 კომენტარი

1 სექტემბრიდან ‘’შავი სიის“ ტერმინი გაუქმდება. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში საფინანსო კომპანიები ვეღარ მიანიჭებენ ნეგატიურ სტატუსს მომხმარებლებს. მსესხებლებს საშუალება მიეცემათ გამოასწორონ თავიანთი საკრედიტო ისტორია. ‘’კრედიტ ინფო’’ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადავა. ამასთან, შეიცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან. რეგულაცია ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.

აღნიშნული ცვლილების გამოცხადების შემდეგ მომხმარებლებში გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ უქმდება ე.წ. ,,შავი სია’’ და ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს სესხის აღებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ კომერციულ ბანკებში. რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის ‘’შავი სიის’’ გაუქმების შემდეგ და რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია?

ახალი რეგულაციების თანახმად ‘’კრედიტ-ინფო საქართველო’’ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მოექცევა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სტატისტიკას თუ რამდენი მოქალაქე ვერ ახერხებს ვალდებულების გადახდას, რამდენი მათგანია ჭარბვალიანი. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლის მომხმარებელთა მდგომარეობას. თუკი მსესხებელზე სადმე ინახება ნეგატიური ინფორმაცია, მათთვის ყველაფერი რადიკალურად არ შეიცვლება და სტატუსის გაუქმების შემდეგაც შესაძლოა სესხებით სარგებლობა ვერ შეძლონ.

რეგულაციები საბანკო სექტორში

საბანკო სფეროში მიმდინარე წლის 1 მაისიდან გამკაცრდა რეგულაციები. კერძოდ, ბანკებს დაევალათ მომხმარებლის გადახდისუნარიანობის სრული ანალიზის ჩატარება და მხოლოდ ამის გათვალისწინების საფუძველზე სესხის გაცემა.

ცვლილების თანახმად, საბანკო სესხის გასაცემად აუცილებელია გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი, ამისათვის კი აუცილებელია მომხმარებელმა ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი დოკუმენტაცია.

ამასთან, კომერციულ ბანკებში კრედიტის კონცენტრაციისა და მსხვლი რისკების შესახებ ცვლილებებით, ბანკი შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს ვეღარ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ ჩაატარა.

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე კრედიტების გაცემის შეზღუდვა საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს წაახალისებს.

ეროვნულ ბანკში რეგულაციების შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობით ხსნიან.  „კრედიტინფოს“ სებ-ის რეგულაციის ქვეშ მოქცევა სწორედ იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა