რა არის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ავტორი / 6 წლის წინ / 12 კომენტარი,,ყველაზე დაბალი საკომისიო, საუკეთესო სესხი, მხოლოდ 5 წუთში. ‘’ - მსგავსი შეთავაზებები ხშირად გვხვდება სარეკლამო სივრცეში. ზოგჯერ იმდენად მიმზიდველია პირობა, რომ ნაკლებად ვითვალისწინებთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. არადა სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რა ხარჯი გვექნება და რა თანხის გადახდა მოგვიწევს სესხის დასაფარად. რა არის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ და რა უნდა გავითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას?
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. მისი დადგენა საშუალებას გაძლევთ მარტივად შეადაროთ სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი და მიიღოთ სწორი, თქვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
წლიური საპროცენტო განაკვეთი APR გამოხატავს გაწლიურებულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ერიცხება სესხს, ან დეპოზიტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. წლიური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს როგორც პროცენტს, ასევე სხვა დამატებით საკომისიოებსა და ხარჯებს. საფინანსო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ გაგაცნონ პროდუქტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რათა ინფორმირებული იყოთ არჩევანის გაკეთებისას.
სესხის ხელშეკრულების თავსართში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, პირგასამტეხლოებს. თავსართი გეხმარებათ გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის პირობებთან დაკავშირებით და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან მასში გასაგებადაა გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
რით განსხვავდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურისგან?
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, თუმცა მასში არ არის გათვალისწინებული კრედიტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსური ხარჯები როგორიცაა სესხის დამტკიცების, თანხის გატანის, დაზღვევის საკომისიო და სხვა. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ასახავს თანხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს პერიოდის გათვალისწინებით, რაც შეიძლება იყოს სესხის დამტკიცების, დაზღვევის, თანხის გატანის საკომისიო და ა.შ.
მაგ: # 1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 20 %, ხოლო ეფექტური 22 %, ვადა 1 წელი. # 2 ბანკში ნომინალური 18 %, სესხის დამტკიცების საკომისიო 3 %, დაზღვევის საკომისიო 2%. ვადა 12 თვე. ზემოაღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხი უფრო იაფი გამოდის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ბანკში უფრო ნაკლებია, ბანკს მეტი აქვს სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც აძვირებს პროდუქტის ღირებულებას.
რატომ უნდა ვიცოდეთ წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა
დღესდღეობით, საფინანსო სექტორში ბევრი კომპანია მოღვაწეობს და მათი შეთავაზებები გვხვდება თითქმის ყველგან. შეთავაზებების განხილვისას საჭიროა ყურადღება მიაქციოთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რადგან სწორედ ის გაძლევთ იმის საშუალებას გონივრულად შეადაროთ სასესხო პროდუქტები ერთმანეთს. არჩევანის გაკეთებისას გაეცანით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების პირობებს, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, ისარგებლეთ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორით, რათა გამოთვალოთ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა. გაითვალისწინეთ გადახდის რესურსი, როგორ შეძლებთ ვალდებულების დროულად დაფარვას.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ ხარჯების ოდენობა. კონკრეტული მომსახურებით სარგებლობამდე დააზუსტეთ ყველა პირობა და გაითვალისწინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. კრედიტის პასუხისმგებლობით აღება გაგიმარტივებთ დროულად გადახდას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას.
კომენტარი