რა არის სალომბარდე სესხი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ავტორი / 7 წლის წინ / 12 კომენტარი

ტექნიკა, ძვირფასი ლითონი, ავტომობილი – აღნიშნული ნივთების უზრუნველყოფით თანხის მიღება მარტივია. მომხმარებლები, რომლებიც ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხს ვერ იღებენ, მიმართავენ ლომბარდებს. მათი ნაწილი ვერ ახერხებს პროცენტის გადახდას და კარგავს დალომბარდებულ ნივთს. რა არის სალომბარდე სესხი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

სალომბარდე სესხი საშუალებას გვაძლევს ძვირფასი ლითონის ან ქონების უზრუნველყოფით ავიღოთ კრედიტი. კომპანია სესხის გაცემისას აფასებს უზრუნველყოფაში ჩასადები ნივთის ღირებულებას და ადგენს კრედიტის ოდენობას. თანხის გაცემა სწრაფად და მარტივად ხდება, რადგან ის უზრუნველყოფილი სესხია ნაკლები ყურადღება ექცევა მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას. ძვირფასი ლითონით უზრუნველყოფილი სესხის დროს, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის მისაღები გადახდის გრაფიკი, დაფაროს თანხა ყოველთვიურად ან ორ, სამ თვეში ერთხელ. გადასახადი თანხის ოდენობა ამის მიხედვით განსხვავდება. სესხის დაფარვის ვადაც ინდივიდუალურად განისაზღვრება. რაც უფრო მაღალია ნივთის ღირებულება, მით მეტი თანხის მიღების შესაძლებლობა არსებობს. რამდენიმე თვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკს ან ლომბარდს უფლება აქვს გაყიდოს ძვირფასი ლითონი.

სალომბარდე კრედიტი მოკლე პერიოდით გაიცემა. სესხის ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. არ არის რეკომენდირებული თანხის დაგვიანებით გადახდა, რადგან კრედიტორს უფლება აქვს გაყიდოს უზრუნველყოფაში არსებული ქონება. სალომბარდე კრედიტის მისაღებად არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება. საკმარისია მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა და უზრუნველყოფაში დასატოვებელი ნივთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. დამფინანსებელი თქვენთვის საჭირო თანხას სწრაფად დაგიმტკიცებთ – ნივთის შეფასებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

რა უნდა ვიცოდეთ სალომბარდე სესხით სარგებლობისას

სალომბარდე სესხის აღება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე არასაბანკო, საფინანსო სექტორში. სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ უზრუნველყოფაში დებთ თქვენთვის ღირებულ ნივთს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არსებობს მისი დაკარგვის რისკი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მიუდგეთ სესხის აღებას და გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები;

  • საპროცენტო განაკვეთი; 
  • ჯარიმის ოდენობა; 
  • გადახდის გრაფიკი; 
  • სესხის გაცემის საკომისიო.

სესხის აღებისას მნიშვნელოვანია დააზუსტოთ პირობები. რა საპროცენტო განაკვეთში იღებთ თანხას, რა ხარჯი გექნებათ ყოველთვიურად, აქვს თუ არა კრედიტს გაცემის საკომისიო და დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში რამდენი იქნება ჯარიმის ოდენობა. ამასთან, გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური რესურსი და დაფიქრდით რამდენად შეძლებთ პროცენტის გადახდას არსებული შემოსავლის პირობებში.

გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების დროს სალომბარდე სესხი გაგიწევთ დახმარებას. თანხის მიღებას მარტივად შეძლებთ და არ მოგიწევთ რიგი პროცედურების გავლა. თუ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხს არ გიმტკიცებენ, სალომბარდე კრედიტის საშუალებით მარტივად მიიღებთ საჭირო თანხას.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა