რა არის ოვერდრაფტი და როდის უნდა ვისარგებლოთ ამ პროდუქტით
ავტორი / 7 წლის წინ / 19 კომენტარიდღეისათვის, მომხმარებელთა დიდი ნაწილი იყენებს პლასტიკურ ბარათებს გადახდისას. უნაღდო ანგარიშსწორება გაცილებით მარტივად ხორციელდება, აღარ არის საჭირო ნაღდი ფულის ტარება. ტრანზაქციები უსაფრთხოდ სრულდება და კლიენტი დაცულად გრძნობს თავს. ხშირია შემთხვევა, როცა საჭირო დროს ბარათზე აღარ გვაქვს საკმარისი თანხა და სასურველი ნივთის შეძენას ვერ ვახერხებთ. სწორედ ასეთ დროს, შეგვიძლია ვისარგებლოთ ოვერდრაფტით და მივიღოთ დამატებითი თანხა საბანკო ანგარიშზე.
ოვერდრაფტი მოკლევადიანი კრედიტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მიიღოს დამატებითი თანხა საბარათე ანგარიშზე და დაფაროს მიმდინარე ხარჯები აღნიშნული ფულადი რესურსით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ კლიენტებს, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი ბანკში. მომსახურებას ხშირად „მეცამეტე ხელფასსაც“ ეძახიან. ოვერდრაფტის თანხის დაფარვა ხდება ანგარიშზე თანხის დარიცხვისას.
ოვერდრაფტის საშუალებით შესაძლებელია ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტის დახარჯვა, ხოლო ათვისებული ლიმიტის მოგვიანებით დაფარვა. მომსახურებით სარგებლობისას ხდება ბანკისთვის გარკვეული პროცენტის გადახდა. ძირი თანხის დაფარვა შესაძლებელია ვადის ბოლოს. ოვერდრაფტი 1 წლის პერიოდით მტკიცდება.
რა უპირატესობა აქვს ოვერდრაფტით სარგებლობას?
თუ სესხის აღებისას საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა და ეს დროსთან არის დაკავშირებული, ოვერდრაფტის თანხის დამტკიცება რამდენიმე წუთში ხდება. მომსახურებით სარგებლობისთვის საკმარისია დასაქმების ცნობის წარდგენა. თანხის გაცემა ნებისმიერი მიზნობრიობით ხდება.
- პროცენტის გადახდა ხდება გახარჯული თანხიდან - მაგ: მომხმარებელი სარგებლობს ერთწლიანი ოვერდრაფტით და აღებული აქვს 1000 ლარი, თუ ის 500 ლარს გახარჯავს 2 კვირაში, გადაიხდის მხოლოდ 500 ლარის 2 კვირით სარგებლობის თანხას.
- მომსახურებით სარგებლობისას არ არის საჭირო ბანკის გაფრთხილება - ოვერდრაფტის თანხის გამოყენება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. მას ასევე შესაძლებელობა აქვს მოითხოვოს ლიმიტის გაზრდა.
- არ მოითხოვება უზრუნველყოფა - ოვერდრაფტის თანხის გაცემისას არ არის საჭირო გირავნობა. ლიმიტის განსაზღვრა ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე ხდება.
გახარჯული თანხის პროცენტი ანგარიშდება დღეების მიხედვით. საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება გახარჯული თანხის მიხედვით. პროცენტი ავტომატურად იფარება, როგორც კი საბარათე ანგარიშზე ირიცხება ხელფასი. პროდუქტის პირობა ინდივიდუალურად განისაზღვრება მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით.
თუ აღარ გყოფნით ფინანსები და დამატებითი თანხა გჭირდებათ, მარტივად შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და მოითხოვოთ დამატებითი საკრედიტო ლიმიტი. ოვერდრაფტით სარგებლობისას გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი და გახსოვდეთ, რომ ყოველი ხელფასის ჩარიცხვისას თქვენ დამატებითი პროცენტის გადახდა მოგიწევთ.
კომენტარი