დაზღვევა – რისკების მართვის ეფექტური გზა

ავტორი / 7 წლის წინ / 4 კომენტარი

დაზღვევა რისკების მართვის ეფექტური გზაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ მოულოდნელი სიტუაციის შედეგად წარმოქმნილი ზარალი და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აინაზღაუროთ მატერიალური დანაკარგი.

სადაზღვევო სექტორში პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია. გაზრდილი კონკურენციის ფონზე კომპანიები ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობენ როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეარჩიონ მათზე მორგებული პირობა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი მომსახურებით და დააზღვიონ რისკები. ძირითადი მოთხოვნა შემდეგ სერვისებზეა: ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ქონების და ავტო დაზღვევა. თუ მომხმარებლისთვის მისაღებია შეთავაზება, ეთანხმება ხელშეკრულებას და წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში უხდის მზღვეველს სადაზღვევო პრემიებს. გაუთვალისწინებელი შემთხვევის დადგომისას, იქნება ეს ჯანმრთელობის გაუარესება თუ ავტოსაგზაო შემთხვევა, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანის შედეგად წარმოშობილი ხარჯი.

დღესდღეობით, გარკვეულ ქვეყნებში ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია და მასზე უარის თქმის უფლება მოქალაქეს არ აქვს. ამ კუთხით საქართველოში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევას და სამედიცინო მომსახურებების ანაზღაურებას. ცხადია, ამ მომსახურებაში არ არის გათვალისწინებული ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც საჭიროა ადამიანისთვის. შესაბამისად, მომხმარებელს დამატებით სჭირდება კერძო სექტორში მომუშავე კომპანიების შეთავაზება – იქნება ეს ჯანმრთელობის, ქონების თუ სიცოცხლის დაზღვევა.

სადაზღვევო პროდუქტები და მათი უპირატესობები

საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. ყველაზე დიდი მოთხოვნით ჯანმრთელობის დაზღვევა სარგებლობს. მასზე მოზიდული პრემიების რაოდენობა გაცილებით მეტია სხვა სადაზღვევო პროდუქტებთან შედარებით.

სადაზღვევო პრემიის ოდენობა დამოკიდებულია დასაფარ თანხაზე. ასევე სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფარვა ძირითადად 100 %-ით ფინანსდება. სხვა შემთხვევები კი იფარება იმის მიხედვით თუ რომელი პაკეტი გაქვთ შერჩეული და რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება. სანამ რომელიმე კომპანიის დაზღვევით ისარგებლებთ დააზუსტეთ კონსულტანტთან პირობები.

ავტო დაზღვევა საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ თქვენს საკუთრებაში არსებული ან მესამე პირის ავტომობილი და მარტივად აინაზღაუროთ წარმოქმნილი ფინანსური ხარჯი. დაზღვევა ითვალისწინებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. ეს შეიძლება იყოს ქურდობა, ძარცვა, სტიქიური უბედურება, დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და სხვა. მომსახურება გამოირჩევა სწრაფი და მარტივი პროცედურით. ზარალის ანაზღაურება შესაძლებელია ადგილზე, 24 საათის განმავლობაში. ავტო დაზღვევის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო.

ჯანმრთელობის დაზღვევა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური სამედიცინო მომსახურებით. პირობები განსხვავდება პაკეტების მიხედვით. თუ შედარებით ძვირიანი პაკეტი მოიცავს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა სტომატოლოგია ან მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება, შედარებით იაფიან პაკეტში აღნიშნული მომსახურებები შესაძლოა არ შედიოდეს. ჯანმრთელობის დაზღვევისას სარგებლობთ პირადი ექიმის მომსახურებით, პროფილაქტიკური, ამბულატორიული და სხვა ტიპის სერვისით.

კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის შერჩევამდე გაეცანით მათ პირობებს, გაიგეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად და რა უპირატესობებით შეძლებთ სარგებლობას. დაზღვევა რისკების მართვის ეფექტური მექანიზმია, რომელიც თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად წარმოშობილ ფინანსურ ხარჯს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა