ვალუტის კურსი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

ავტორი / 7 წლის წინ / 12 კომენტარი

ვალუტის კურსი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. ეროვნული ვალუტა მყარდება მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება. ხოლო უფასურდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იკლებს. ოფიციალური კურსის გაანგარიშება სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით ხდება. მისი შედეგების გათვალისწინებით გამოითვლება ლარის ღირებულება აშშ დოლარის მიმართ. ხოლო ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. სავალუტო ბაზარი მოიცავს კომერციული ბანკებს, იმ კორპორაციებსა თუ ინდივიდებს, ვის ინტერესშიც შედის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.

გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი, სახელმწიფო საგარეო ვალი, ექსპორტი და იმპორტი, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, აგრეთვე ფულის მასა.

აღნიშნული ფაქტორების გარდა, მოკლევადიან პერიოდში კურსზე გავლენას ახდენს ბაზრის მონაწილეთა მოლოდინები, პროგნოზი და იწვევს ვალუტის მერყეობას. კურსზე მოქმედი ყველა ინფორმაცია მყისიერად აისახება მიმდინარე ფასზე. თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, ეროვნული ვალუტა იმდენად გაუფასურდა დოლართან მიმართებით, რომ შესაძლოა ეს პროდუქციის ფასებზე აისახოს, ის ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას – ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს.

ვალუტის კურსი და სესხები

ნებისმიერი საფინანსო პროდუქტით სარგებლობისას არსებობს სავალუტო რისკები. მისი გაანალიზება გეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. სესხის აღებისას ყურადღება მიაქციეთ სავალუტო რისკებს და გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა გადასახადი თანხის ოდენობა გაზარდოს. ლარის გაუფასურების შემთხვევაში სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია სესხის აღებისას გაითვალისწინოთ თუ რომელ ვალუტაში გაქვთ შემოსავალი. თუკი თქვენ ლარში იღებთ ხელფასს, ხოლო სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ, დაფიქრდით, სავალუტო რისკებზე. ლარის გაუფასურების შემთხვევაში არსებული ხელფასით ვეღარ შეძლებთ იმ რაოდენობის დოლარის შეძენას, რასაც ადრე ყიდულობდით. სესხის აღებისას უმჯობესია უპირატესობა იმ ვალუტას მიანიჭოთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ. ასე მარტივად დაიზღვევთ თავს გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემებისგან და შეძლებთ ვალდებულების დროულად დაფარვას.

სესხის აღებისას ვალუტასთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას და დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოგცემთ ზუსტ ინფორმაციას მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. ხოლო ხელშეკრულების გაცნობით განსაზღვრავთ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს, რაც დაგეხმარებათ პასუხისმგებლობით მიუდგეთ სესხის აღებას და მარტივად გაუმკლავდეთ ვალდებულებებს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა