საგადახდო ბარათები და მათი მოხმარების სტატისტიკა
ავტორი / 7 წლის წინ / 1 კომენტარისაგადახდო ბარათები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვსარგებლობთ პლასტიკური ბარათით – ვიხდით მგზავრობის საფასურს, ვყიდულობთ პროდუქტსა თუ პირადი მოხმარების ნივთებს. უნაღდო ანგარიშსწორება გაცილებით მოსახერხებელი და უსაფრთხოა, რადგან აღარ არსებობს ნაღდი ფულის ტარების აუცილებლობა. რა ტიპის ბარათებს გვთავაზობს ქართული საფინანსო სექტორი და როგორია საგადახდო ბარათების სტატისტიკა?
პლასტიკური ბარათები არსებობს 2 ტიპის: სადებეტო და საკრედიტო. სადებეტო ბარათზე მომხმარებელი საკუთარ თანხას ათავსებს. მას ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიში აქვს; ლარი, დოლარი, ევრო, ფუნტი. ბარათი შეიძლება იყოს Visa ან MasterCard-ი. მისი საშუალებით შესაძლებელია თანხის განაღდება, დარიცხვა, გადახდა და სხვა. საკრედიტო ბარათზე ბანკის მიერ დამტკიცებული თანხაა განთავსებული. ლიმიტი განისაზღვრება კლიენტის შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული საბანკო კრედიტით გააკეთოს შენაძენი, გაანაღდოს თანხა. საკრედიტო ბარათებზე განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალია. თუმცა გადახდებით ათვისებულ ლიმიტზე პროცენტი გაცილებით ნაკლებია.
საგადახდო ბარათების სტატისტიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტლის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათების რაოდენობამ 9.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1%-ით მეტია. ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი. გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილი 7 %-ია. 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 25 ბარათი.
გამოშვებული ბარათები საბარათე სისტემის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- Master Card – 44%
- Visa – 31%
- Local – 18%
- UPI – 6%
- Am Ex – 1%
2017 წლის II კვარტალში ქართული პლასტიკური ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესრულდა 44.2 მლნ ოპერაცია, რაც თანხობრივად 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები რაოდენობრივად 30%-ით გაიზარდა, თანხობრივად 21%-ით.
პოს-ტერმინალებით განხორციელდა 27.1 მლნ ოპერაცია, რაც თანხობრივად 747 მილიონი ლარია. შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 19%-ით, ხოლო თანხის 10 %-ით მეტია პირველი კვარტლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ქართული ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელდა 15.3 მლნ ნაღდი ფულის გატანის ოპერაცია, რაც 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს. მაჩვენებელი 14%-ით მეტია პირველი კვარტლის მონაცემებთან. რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებს, ქართული ბარათებით შესრულდა 4.7 მლნ ინტერნეტ გადახდა, თანხობრივად 265 მლნ ლარი, რაც პირველ კვარტალთან შედარებით გადახდები გაიზარდა 15%-ით რაოდენობრივად და 9%-ით თანხობრივად. პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით ინტერნეტით გადახდების რაოდენობა გაიზარდა 52%-ით, თანხობრივად -54 %-ით.
კომენტარი