როგორ ვისარგებლოთ სწორად საკრედიტო ბარათით

ავტორი / 7 წლის წინ / 6 კომენტარი

„გადახდის კომფორტული საშუალება, საშეღავათო პერიოდითა და საბონუსე სისტემით“ – საკრედიტო ბარათები სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევა. მომხმარებლები ხშირად მიმართავენ ამ მომსახურებას, რათა მარტივად „იშოპინგონ“ ან გადაიხადონ გადასახადები. რა არის საკრედიტო ბარათი, როდის უნდა ავიღოთ და როგორ უნდა ვისარგებლოთ სწორად?

საკრედიტო ბარათი ორი საბანკო პროდუქტის სინთეზია. ესენია პლასტიკური ბარათი და სამომხმარებლო სესხი. პლასტიკურ ბარათზე განთავსებულია კრედიტის თანხა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი, მოახდინოს ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტში ან ინტერნეტით. ბარათს აქვს თავისი ლიმიტი, რომელიც განისაზღვრება კლიენტის შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიის მიხედვით. საკრედიტო ბარათების უმეტესობაზე მოქმედებს საშეღავათო პერიოდი. თუ კლიენტი ამ დროის მანძილზე დაფარავს გახარჯულ თანხას, მას არ დაერიცხება პროცენტი. ხოლო თუ ვერ დაფარავს, ვალდებულია გადაიხადოს პროცენტი.

საკრედიტო ბარათებს აქვთ დაგროვების სისტემა, რომელიც მეტ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებლებს. ხშირად კლიენტებს უკან ურიცხავენ დახარჯული თანხის გარკვეულ პროცენტს ან სთავაზობენ ფასდაკლებას სავაჭრო ობიექტებში. მომხმარებელთა უმრავლესობა ბარათს უნაღდო ანგარიშსწორებისას იყენებს. იშვიათად თუ ვინმეს ნადღი ფული გამოაქვს საკრედიტო ბარათიდან. აღსანიშნავია, რომ ბარათის განაღდების საკომისიო მაღალია. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ თანხის ათვისება სწორედ გადახდების საშუალებით მოხდეს. განაღდების საკომისიო 3-4 %-ია, საშეღავათო პერიოდი კი 55 დღემდე.

საკრედიტო და სადებეტო ბარათები

პლასტიკური ბარათები ორ ტიპად იყოფა: სადებეტო და საკრედიტო ბარათებად.

  • სადებეტო ბარათის მფლობელს საშუალება აქვს მარტივად განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხა. მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება მაღაზიებში, სავაჭრო ობიექტებში, გადაიხადოს გადასახადები და სხვა. სადებეტო ბარათები გადარიცხვებისთვის, ხელფასის ჩარიცხვისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით მხოლოდ იმ რაოდენობის თანხის დახარჯვაა შესაძლებელი, რომელიც მომხმარებელს ანგარიშზე აქვს.
  • საკრედიტო ბარათზე ბანკის კუთვნილი თანხაა განთავსებული, რომლის დახარჯვაც მომხმარებელს წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში შეუძლია. საკრედიტო ბარათს გადახდებისთვის იყენებენ, შესაძლებელია თანხის განაღდებაც, თუმცა საკომისიო მაღალია. საკრედიტო ბარათების წლიური მომსახურების საკომისიო ბევრად მაღალია სადებეტო ბარათებთან შედარებით.

პლასტიკური ბარათების ისტორია

პირველი საკრედიტო ბარათები მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გამოჩნდა. ამის საფუძველი კი შემდეგი შემთხვევა გახდა: საკრედიტო კომპანიის Hamilton Credit Corporation-ის ხელმძღვანელმა ფრანკ მაკნამარამ, რომელმაც მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, აღმოაჩინა რომ ანგარიშსწორებისთვის საკმარისი ნაღდი ფული არ ქონდა. მაკნამარა იძულებული გახდა მეუღლისთვის დაერეკა და თანხის მიტანა ეთხოვა. ამ სიტუაციამ შთააგონა მაკნამარა შეექმნა საკრედიტო ბარათი, რომელსაც ნაღდი ფულის ნაცვლად გამოიყენებდნენ.

1950 წელს მაკნამარამ პირველი პლასტიკური ბარათები გამოუშვა. Diner Club-ის ბარათი სპეციალურად რესტორნის კლიენტებზე იყო გათვლილი. ბარათმა საკმაოდ გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა და რესტორნის შემოსავალიც. ამის შემდეგ მან ნაღდი ფული მუყაოს ბარათით ჩაანაცვლა და ამ კამპანიისთვის 3 თვეში 150 000 დოლარის მოგება მიიღო.

დღესდღეობით, საფინანსო ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ისეთი უდიდესი ბარათების კომპანიები, როგორიცაა Visa, MasterCard, American Express.

რა უნდა ვიცოდეთ ბარათით სარგებლობისას

საკრედიტო ბარათის ჭკვიანურად გამოყენება ხარჯების შემცირების გარანტიაა. თუ მომხმარებელი მას მხოლოდ გადახდებისთვის მიმართავს, შეძლებს დამატებითი უპირატესობებით სარგებლობას და თავიდან აირიდებს ზედმეტი საკომისიოების გადახდას.

  • თუ საკრედიტო ბარათი არ გჭირდებათ, ნუ აიღებთ მას. 
  • თუ ნახავთ, რომ გაქვთ ისეთი ბარათი, რომელაც არ იყენებთ, მიმართეთ ბანკს და მოითხოვეთ მისი დახურვა. 
  • ნუ დათანხმდებით შემოთავაზებას, სანამ პირობებს დეტალურად არ გაიგებთ. 
  • გაეცანით ხელშეკრულებას და გაიგეთ რამდენია პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

თუკი უკვე გაქვთ საკრედიტო ბარათი, შეეცადეთ ის მხოლოდ გადახდებისთვის გამოიყენოთ და დახარჯული თანხა საშეთავათო პერიოდის მანძილზე სრულად შეავსოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ გონივრულად გამოიყენებთ ბარათს და შეძლებთ ხარჯების დაზოგვას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა