როგორ უნდა აიღოთ სესხი ბიზნესის დასაწყებად
ავტორი / 6 წლის წინ / 8 კომენტარიდღეისათვის, საკმაოდ ბევრი ადამიანი იწყებს საკუთარ ბიზნესს და აღწევს წარმატებას. თუკი ადრე ბიზნესის დასარეგისტრირებლად ხანგძლივი პროცედურების გავლა იყო საჭირო, დღეს ეს პროცესი გამარტივებულია. Doing Business 2018-ის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივით მეოთხე ადგილზეა. ქონების რეგისტრაციის მიხედვით კი კვლავ პირველ ხუთეულშია. აღნიშნულ რეიტინგში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები მოიცავს სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, საჭირო დროს, ხარჯებსა და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს.
ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთად არსებობს რიგი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ მეწარმეების მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა, დამწყებ მეწარმეებს ხშირად ექმნებათ ფინანსური პრობლემა. რა ტიპის სესხებია განკუთვნილი ბიზნესის დასაწყებად ან მის გასაფართოვებლად?
ბიზნეს სესხის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ თანხა სხვადასხვა მიზნისთვის – საბრუნავი კაპიტალის შესავსებად, ძირითადი საშუალებების გასაახლებლად, ვალდებულებების დასაფარად და სხვა. სესხი განკუთვნილის იურიდიული პირებისთვის.
რა არის საჭირო ბიზნეს სესხის ასაღებად?
ბიზნეს სესხის ასაღებად საჭიროა შეავსოთ განაცხადი და წარადგინოთ ფინანსური უწყისი, სადაც მოცემული იქნება კომპანიის მოგება-ზარალი. თანხის მისაღებად შესაძლოა მოგთხოვონ უზრუნველყოფა. საპროცენტო განაკვეთი დგინდება ინდივიდუალურად და ის ძირითადად დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, კრედიტის პირობა დამოკიდებულია კომპანიის მფლობელის საკრედიტო ისტორიასა და უზრუნველყოფაზე. სესხის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე საფინანსო კომპანიების ფილიალებში.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბიზნეს სესხის აღებისას?
სანამ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციას ან ბანკს მიმართავთ, გამოთვალეთ რა თანხა გჭირდებათ. ნებისმიერი საფინანსო კომპანია გააკეთებს თქვენი ბიზნესის ანალიზს და ამის მიხედვით დაადგენს სესხის ოდენობას.
- განსაზღვრეთ სესხის ვალუტა – კრედიტის ვალუტის შერჩევისას გაითვალისწინეთ გაცვლითი კურსის ცვალებადობა. უმჯობესი იქნება თუკი არჩევანს ეროვნულ ვალუტაზე გააკეთებთ.
- შეარჩიეთ გადახდის გრაფიკი – საკრედიტო ორგანიზაციასთან ერთად გამოითვალეთ ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა.
- გაეცანით ხელშეკრულებას – ყურადღებით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას, რათა წინასწარ იცოდეთ საპროცენტო განაკვეთისა და მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა.
კრედიტის აღება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ამიტომ აუცილებელია მას ყურადღებით მოეკიდოთ. გაანალიზეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სესხის დაფარვის შესაძლებლობა, დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება, რასაც ხელს აწერთ. თუკი რაიმე გაუგებარია დააზუსტეთ საკრედიტო ორგანიზაციის თანამშრომელთან. თუკი უკვე სარგებლობთ კრედიტით, დაფიქრდით როგორ გაუმკლავდებით რამდენიმე ვალდებულებას და რა გზით გადაიხდით თანხას. სესხის აღებამდე გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს და შეარჩიეთ მათ შორის საუკეთესო.
კომენტარი