როგორ დავზოგოთ ფული

ავტორი / 7 წლის წინ / 0 კომენტარი

„არ მაქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ფული დავზოგო“ - ეს ფრაზა ხშირად გვესმის. მომხმარებელთა უმრავლესობა თანხის დაზოგვას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ დასაზოგი ფული არ აქვს. თუმცა, დანაზოგის გაკეთება ნებისმიერი შემოსავლის პირობებში შესაძლებელია. ამისათვის კი ხარჯების სწორად განაწილებაა საჭირო. ცხადია, რაც მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს, მისთვის დანაზოგის გაკეთება უფრო მარტივია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის დამოკიდებულებაც. ამ მხრივ ადამიანები ერთმანეთისგან განხვავდებიან. ზოგი 500 ლარის შემოსავლის პირობებშიც ახერხებს თანხის დაზოგვას, ზოგს კი 4 000 ლარის შემოსავლის პირობებშიც არ შეუძლია ფულის შენახვა.

განსაზღვრეთ მიზანი 

სანამ თანხის დაზოგვას დაიწყებთ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი. დაფიქრდით, რისთვის იწყებთ თანხის დაგროვებას. რატომ უნდა დაზოგოთ ფული?

  • ფულის დაზოგვით, თქვენ მზად იქნებით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. იქნება ეს მანქანის გაფუჭება, ჯანმრთელობის პრობლემა თუ სხვა მოულოდნელი ხარჯი. შესაბამისად, უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობთ თავს ცხოვრებაში. 
  • დროულად დაფარავთ ფინანსურ ვალდებულებას. შესაბამისად, უფრო მალე შეძლებთ სესხის გადახდას ან ვალის გასტუმრებას.
  • სასურველ ნივთს კრედიტის აღების გარეშე შეიძენთ. წარმოიდგინეთ, როცა საყვარელ მაღაზიაში ფასდაკლება იქნება, თქვენ გექნებათ იმის ფინანსური რესურსი, რომ ნივთი შეიძინოთ. 
  • ფულის დაზოგვით თქვენ უფრო მარტივად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იქნება ეს სამსახურის შეცვლა თუ სამოგზაუროდ წასვლა.

დაგეგმეთ ბიუჯეტი 

შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა, თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ნათელ სურათს მოგცემთ. გეცოდინებათ, რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი და რამდენის დახარჯვის საშუალება გაქვთ. გააკეთეთ ბიუჯეტის გეგმა, სადაც გაწერილი გექნებათ თქვენი შემოსავალი და დანახარჯები. ჩამოწერეთ რაში გეხარჯებათ თანხა, რამდენი გჭირდებათ საკვების, კომუნალური გადასახადების ან სხვა საჭიროებებისთვის. დაფიქრდით, რომელი ხარჯი შეგიძლიათ შეამციროთ და სამომავლო პერსპექტივაში ეს რამდენს დაგიზოგავთ.

დაზოგეთ თანხა

საყიდლები – ჩამოწერეთ საყიდლების სია მაღაზიაში ან მარკეტში ვიზიტის წინ. ამით თავიდან აირიდებთ არასაჭირო ნივთების შეძენას. შეეცადეთ, საჭირო ნივთები ფასდაკლების დროს, ხელსაყრელ ფასში იყიდოთ. სეზონური ფასდაკლებებით და სპეციალური ბარათებით სარგებლობა კარგი საშუალებაა თანხის დასაზოგად.

სატელეფონო და სატელევიზიო პაკეტები – გაეცანით სატელევიზიო და სატელეფონო პაკეტებს. შესაძლოა სხვა საკომუნიკაციო კომპანიას უკეთესი პირობის პაკეტი აქვს, რაც თანხას დაგიზოგავთ. გადახედეთ სატელევიზიო გადაცემებს. შესაძლოა ყველა მათგანი არ გჭირდებათ და შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ, სხვა უფრო დაბალფასიანი მომსახურება.

ტრანსპორტი – შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით იაროთ. თუ მანქანის ყიდვას აპირებთ, შეარჩიეთ ეკონომიური ავტომობილი, რომელსაც ნაკლები ხარჯი ექნება. არ არის აუცილებელი ახლის შეძენა.

გადასახადები – აკონტროლეთ კომუნალური გადასახადების ხარჯი. გაუწიეთ მონიტორინგი გადასახადებს და შესაბამისად შეამცირეთ. ამ ხერხით თავისუფლად შეძლებთ ფინანსების დაზოგვას. 

პროდუქტები – შესაძლოა თქვენ ისეთ პროდუქტებზე ხარჯავთ თანხას, როგორიცაა ტკბილეული, გაზიანი სასმელი, რაც ისედაც უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. თუ ხარჯებს ჩამოწერთ და უმნიშვნელო შესყიდვებს გამოაკლებთ, აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ გაცილებით ნაკლები თანხა დახარჯოთ.

სად შევინახოთ დანაზოგი?

ფულის დაზოგვის ჩვევის გამომუშავების შემდეგ, შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხს მიმართოთ თანხის შესანახად.

ანაბარი – ანაბრის გახსნით, თანხას დაცულად შეინახავთ და საპროცენტო სარგებელსაც მიიღებთ. შეარჩიეთ ისეთი ტიპის დეპოზიტი, რომელსაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, რათა მეტი სარგებელი მიიღოთ.

ახალი ბიზნესის დაწყება - საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით გამორჩეულია მსოფლიო დონეზე. ბიუროკრატიული პროცედურები მინიმალურია და ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს შეუძლია საკუთარი საქმიანობის წამოწყება.

ინვესტიცია – შეგიძლიათ შეგროვებული თანხის ინვესტირება მოახდინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და ამ ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკი გათვალოთ.

დაიწყეთ ფულის დაზოგვა, რათა შეძლოთ სურვილების ასრულება და მოულოდნელ ფინანსურ პრობლემასთან მარტივად გამკლავება. შეამცირეთ არასაჭირო ხარჯები და თავად დარწმუნდებით, რომ ფულის დაზოგვა მართლაც შესაძლებელია. გაეცანით საინტერესო რჩევებს ჩვენს ბლოგზე და მართეთ პირადი ფინანსები გონივრულად. Credy24.ge-ის დახმარებით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება გაცილებით ეფექტური და მარტივია.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა