როგორ დავზოგოთ ფული და მივიღოთ მეტი შემოსავალი

ავტორი / 7 წლის წინ / 1 კომენტარი

ფინანსური წარმატების მოსაპოვებლად და საიმედო მომავლის შესაქმნელად აუცილებელია დანაზოგის გაკეთება. სტაბილური შემოსავლის პირობებში, რაც არ უნდა მცირე იყოს მიღებული თანხის ოდენობა შეგვიძლია დავიწყოთ დაზოგვა და ყოველთვიურად შემოსავლის 10% შევინახოთ. უმჯობესია თუ პირველ რიგში დანაზოგისთვის გადავდებთ თანხას.

დანაზოგის გაკეთებისას მნიშვნელოვანია მიზნის განსაზღვრა თუ რისთვის ვაპირებთ თანხის დაგროვებას, რამდენის და რა პერიოდში. დანაზოგის მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფინანსური ამოცანის დაფინანსება. მაგ; ახალი ავტომობილის ან მობილურის შეძენა, სწავლის საფასურის გადახდა, მცირე ბიზნესის წამოწყება და სხვა. დანაზოგით გაცილებით მარტივია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის სარეზერვო ფონდის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს. შემოსავლის შემცირებისას ან მისი დაკარგვის შემთხვევაში გვექნება ერთგვარი სარეზერვო ფული, რაც მიმდინარე ვალდებულებების უმტკივნეულოდ გასტუმრების საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება ახალი შემოსავლის მიღებამდე.

თანხის დასაზოგად გარკვეული დროა საჭიროა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ბიუჯეტის დაგეგმვა და იმის განსაზღვრა თუ რამდენის დაზოგვას შევძლებთ ყოველთვიურად, რა თანხის გადადება მოგვიწევს და რა პერიოდი დაგვჭირდება საჭირო ფულადი რესურსის დასაგროვებლად. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მოვიფიქროთ თუ სად შევინახავთ ფულს. მომხმარებელთა ნაწილი უარს ამბობს დანაზოგის გაკეთებაზე, რადგან ხედავს გაუფასურების საფრთხეს. ამის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია ზუსტად შევარჩიოთ ვალუტა – თუ რომელ ვალუტაში შევინახავთ ფულს. თუ მხოლოდ ვინახავათ თანხას, უმჯობესია დანაზოგი დოლარში გავაკეთოთ. თუ ჩვენი დანაზოგის მიზანია რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ, მაშინ არჩევანი ლარზე უნდა შევაჩეროთ, რადგან საპროცენტო განაკვეთი ლარში გახსნილ ანაბრებზე ყველაზე მაღალია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ კურსთა შორის სხვაობამ შესაძლოა მიღებული შემოსავლის ოდენობა მნიშვნელოვნად შეამციროს, ამიტომ ყველაზე გონივრულია სტაბილური ვალუტის შერჩევა.

სად შევინახოთ დანაზოგი და მივიღოთ მეტი სარგებელი

უმჯობესია ფული სხვადასხვა ადგილას და განსხვავებულ ვალუტებში შევინახოთ. იმის გამო, რომ ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, გონივრულია დანაზოგის ერთზე მეტ ვალუტაში განთავსება. ეს დაგვიცავს რომელიმე ერთი ვალუტის შესაძლო გაუფასურების შედეგად გამოწვეული ზარალისგან. ანაბრის გახსნისას ყურადღებით უნდა გავეცნოთ მის პირობას; ანაბარზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას, თანხის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში სარგებლის ოდენობას. ვადიანი ტიპის ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი ყველაზე მაღალია, თუმცა ის გარკვეული პერიოდით იხსნება და მისი დარღვევის შემთხვევაში სრულად ვეღარ ვიღებთ საპროცენტო სარგებელს. მოთხოვნამდე ტიპის ანაბრები უვადოდ იხსენა და მისი გამოტანა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა საპროცენტო სარგებელი მასზე ნაკლებია.

თუ შედარებით დიდი მოცულობის თანხის დაგროვებას ვგეგმავთ, შეგვიძლია ვიფიქროთ ბიზნესში ინვესტირებაზე ან უძრავი ქონების შეძენაზე. ბიზნესდაბანდება კარგი არჩევანია თავისუფალი რესურსების გამოყენებისთვის. ამავე დროს ის ერთ-ერთი რისკიანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. უძრავ ქონებაში ინვესტირების მთავარი უპირატესობა მისი სტაბილურობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აღნიშნული საშუალება გვთავაზობს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ჩვენს საკუთრებაში ჩნდება ყველაზე სტაბილური აქტივი, რომლის ღირებულება ყოველთვის მზარდია.

ფულის დაზოგვა გვეხმარება ფინანსური მიზნის მიღწევაში. თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ მოგზაურობა ან სასურველი ავტომობილის შეძენა. ამასთან, ეფექტურად ვუმკლავდებით მოულოდნელ სირთულეებს და საშუალება გვაქვს თანხის ინვესტირება მოვახდინოთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც დამატებით სარგებელს მოგვიტანს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა