5 რჩევა ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად
ავტორი / 7 წლის წინ / 2 კომენტარითითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისა და წარმატების მოპოვება. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც განსაზღვრავს მომავალ კეთილდღეობას. როგორ ვხარჯოთ ფული, როგორი პირობის სესხი, ანაბარი შევარჩიოთ. მსგავსი გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე. სწორად დაგეგმილ ბიუჯეტსა და გონივრულად შერჩეულ მომსახურებას შეუძლია ხარჯების შემცირება. ხოლო დაუფიქრებელი არჩევანის შედეგი ხშირად მეტი ვალდებულება და გადასახადებია. როგორ უნდა მოვიპოვოთ ფინანსური სტაბილურობა და რა უნდა გავითვალისწინოთ საკრედიტო მომსახურებებით სარგებლობისას?
ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ადამიანის საჭიროებებისთვის აუცილებელი ფულის ხელმისაწვდომობას. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავალი ყოველთვის სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, ხშირად აუცილებელი ხდება დამატებითი თანხა. სესხის აღება მოითხოვს ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმარებას და ისეთი მნიშვნელოვანი პირობების გათვალისწინებას, როგორიცაა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, მიმდინარე ვალდებულებები და კრედიტის გადახდის შესაძლებლობა.
რჩევები ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად
- ბიუჯეტის დაგეგმვა – ბიუჯეტის შედგენა გაძლევთ ზუსტ სურათს იმისა თუ რა არის პრიორიტეტული, რაში ხარჯავთ ფულს, რაზე შეგიძლიათ უარის თქმა და თანხის სხვა მიზნისთვის გამოყენება. ბიუჯეტი არ გულისხმობს მხოლოდ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას. ის ნიშნავს ფინანსური გეგმის კონტროლსაც. რა სარგებელს გაძლევთ აღნიშნული ხარჯი? შესაძლებელია თუ არა მისი შემცირება? ფული რომელსაც გამოიმუშავებთ შეგიძლიათ დახარჯოთ საჭიროებისთვის, დაზოგოთ ან განახორციელოთ ინვესტიცია.
- დანაზოგის გაკეთება – თანხის დაგროვება შესაძლებელია მცირე შემოსავლის პირობებშიც. თუ სტაბილურად გერიცხებათ თანხა ანგარიშზე, საუკეთესო არჩევანი იქნება შემნახველი ანგარიშის/ანაბრის გახსნა და ავტომატური გადარიცხვის სერვისით სარგებლობა. ფულის დარიცხვისას თქვენს მიერ არჩეული თანხა ავტომატურად გადავა შემნახველ ანაბარზე, რომელსაც დამატებითი სარგებელიც დაერიცხება. განსაზღვრეთ დანაზოგის მიზანი – რისთვის იწყებთ თანხის დაგროვებას და დაისახეთ მიზანი – რა დროში უნდა გქონდეთ ეს თანხა.
- ხარჯების კონტროლი – დღეისათვის, აქტუალური პრობლემაა „იმპულსური ხარჯვა“. შესაძლოა სულაც არ გქონდეთ დაგეგმილი ან არ გჭირდებოდეთ კონკრეტული ნივთის შეძენა, მაგრამ მაინც იყიდოთ. შენაძენის გაკეთებამდე კარგად დაფიქრიდით საჭიროებაზე და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ.
- ინვესტიცია მომავალში – განათლებაში ინვესტიცია ყოველთვის მომგებიანია. ახალი სფეროს შესწავლა ან კვალიფიკაციის ამაღლება მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ამასთან, განათლება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას მომავალში.
- სესხების მართვა – საკრედიტო პროდუქტებით როგორც წესი მაშინ სარგებლობთ, როდესაც საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებთ დაფინანსებას. კრედიტის სწორად შერჩევა და ვალდებულების მართვა აუცილებელია ფინანსური პრობლემის თავიდან ასაცილებლად და დადებითი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად.
ფინანსური სტაბილურობა მეტ დამოუკიდებლობას მოგიტანთ. მარტივად გაართმევთ თავს მოულოდნელი სიტუაციის შედეგად მიღებულ ფინანსურ ხარჯს, შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და უკეთესი ცხოვრების მოწყობას.
კომენტარი